ლეგენდა შვეიცარიიდან


წელს ძალიან ბევრმა, ძალიან ბევრგან და ბევრჯერ წამოაყენა ფეხზე სპორტული საზოგადოება.

რეკორდების მსხვრევის მხრივაც გამორჩეული სეზონი იყო და, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ The Best-ებზე გადავიდეთ.

ოლიმპიადის შემდეგ ცოტა დაისვენა აუცილებელი სტარტებისგან და როგორც კი ფორმაში შევიდა, ყველაფერი მოიგო მძლეოსნობის ახალმა პრინცმა უსაინ ბოლტმა. სულ აქეთ-იქით ამყარეს რეკორდები ცურვაში, ბეისბოლში კი ამერიკული ზელიგის ფინალი მოიგო “იანკისმა”. სხვათა შორის, ლეგენდარული კაპიტნის დერეკ ჯიტერის გუნდმა ბოლოს 2000-ში იზეიმა ჩემპიონობა.

ფეხბურთში საუკეთესოს დასახელება სპორტში ყველაზე დიდ დილეტანტსაც გაუადვილდებოდა. “ბარსამ” და მესიმ როგორც დაიწყეს, ისე დაასრულეს წელიწადი, ესე იგი, წამითაც არ უგრძნობინებიათ ვინმესთვის, რომ მათი მომგები და მჯობი სადმე, რომელიმე ტურნირზე იქნებოდა.

ამერიკულ პროფესიულ ლიგებში ჩემპიონებიდანაც შეიძლება რამდენიმე კაცის გამორჩევა. ჰოკეიში “დეტროიტის” ფავორიტობა ნულად აქცია “პიტსბურგმა”, რომლის რიგებშიც არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდათ ევგენი მალკინს (პლეი-ოფის საუკეთესო) და სიდნი კროსბის. კალათბურთის ტრიუმფატორის “ელ ეი ლეიკერსის” ლიდერ-კაპიტან-ყველაფერი კი მისტერ ბრაიანტი იყო, თავისი პო გასოლით, რომელმაც 2009-ში, მასთან ერთად, ესპანეთს ევროპის ჩემპიონატიც მოაგებინა.

საუკეთესო მამაკაც სპორტსმენებში ყველაზე მაგარი მაინც ერთი შვეიცარიელი იყო. ამ კაცმა დიდი სლემის ტურნირებიდან “მხოლოდ” ორი მოიგო, მაგრამ: 1) დაიბრუნა მსოფლიოს პირველი ჩოგნობა, 2) გახდა ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მესლემე ჩემპიონი, 3) და, უბრალოდ, ყველაზე მაგარია. საკმარისია, არა?

მოკლედ, საუკეთესო როჯერ ფედერერია.

2009 წლის სეზონი შვეიცარიელი ფენომენისთვის კარგად ნამდვილად არ დაწყებულა. როჯერი სეზონს მეორე ჩოგნის რანგში შეხვდა და საუკეთესოობის არც არაფერი ეტყობოდა.

დოჰას ტურნირის პირველ სამ წრეში შვეიცარიელი სეტის წაუგებლად იქნევს ჩოგანს, მერე კი ნახევარფინალში სქოთ ენდი მარეის ხვდება და პირველი სეტის ტაი ბრეიკს იგებს. ამის შემდეგ როჯერმა ორ სეტში 32 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა და ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით – 2:6 წააგო.

იწყება ავსტრალიის ღია პირველობა, სადაც ფედერერი წინა წელს ჩემპიონი ვერ გახდა (ნახევარფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო), თუმცა, ამ მძიმე და, ამასთან, სწრაფ ჰარდზე როჯერს ყოველთვის უყვარდა თამაში.

“ავსტრალიაში თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი. წაგებით ყველგან წააგებ, მაგრამ მთავარია, წარუმატებლობიდან სწორი დასკვნები გამოიტანო და შემდეგში უფრო მოტივირებული, უკეთ მომზადებული გახვიდე კორტზე”, – ამბობს როჯერი.

პირველი სამი წრის მატჩებიდან მხოლოდ მარატ საფინის წინააღმდეგ გამართულ ერთადერთ ტაი ბრეიკს თუ გავიხსენებთ. სხვა შემთხვევაში, როჯერის უპირატესობა ძალიან დიდი იყო და ისიც ჩანდა, რომ ფედერერი ყველაფერს ენერგიის დაზოგვით აკეთებდა.

მერე კი დაიწყო მეოთხე წრის შეხვედრა ჩეხ ტომაშ ბერდიხთან და გამოჩნდა, რომ როჯერი არ იყო მზად ხანგრძლივი, უკანა ხაზიდან მარათონული გათამაშებებისთვის. პირველი ორი სეტი მოიგო ბერდიხმა და, მიუხედავად იმისა, რომ მერე როჯერმა ურთულესი მატჩი მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა, უდავო ფავორიტად მის მოხსენიებას მაინც ერიდებოდნენ. პარალელურად ნადალი ყველას მიწასთან ასწორებდა, ფედერერს კი მეოთხედფინალში ურთულესი ჯახი უნდა გადაეტანა ხუან მარტინ დელ პოტროსთან.

მოგვიანებით დელ პოტრო იტყვის, რომ არასოდეს უნახავს ასეთი უშეცდომო, სრულყოფილი ჩოგბურთი…

არგენტინელი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაში იყო, პირველ სეტში ორი ბრეიკ პოინტის განიავებისა და 3:6 წაგების მერე ფედერერის ძალისმიერი ჩოგბურთით დაჩაგვრას გეგმავდა, მაგრამ…

3:6, 0:6, 0:6 – ასე სამარცხვინოდ წააგო დელ პოტრომ. სასლემოზე ამ ორი უნიკალური მოთამაშის გზები 2009-ში კიდევ ორჯერ გადაიკვეთება და უკანასკნელ მეიჯორზე ორმეტრიანი არგენტინელი აიღებს რევანშს, თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

როჯერი ფინალში ამჯერადაც ნადალს შეხვდა, რომელსაც ორი დღით ადრე თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოსთან უმძიმესი, ხუთსეტიანი და ხუთსაათიანი ეპიკის გადატანა მოუხდა. ამ მიზეზისა და ჰარდზე ესპანელზე ბევრად უკეთ თამაშის გამო ფავორიტად ფედერერი ითვლებოდა.

პირველი სეტის ბოლოს ნადალმა ზურგი იტკინა და კორტზე ექიმს უხმო, თუმცა მისი ოპონენტისთვის ამას არავითარი ხეირი არ მოუტანია. ნადალმა პირველი სეტიც მოიგო, მერე და მერე კი ბოლო დარტყმისთვის როჯერზე მეტი ენერგია შემოინახა. საბოლოოდ 7:5, 3:6, 7:6, 3:6, 6:2 ესპანელის სასარგებლოდ, რომელმაც ამ გამარჯვებით განიმტკიცა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი და ფედერერს თითქმის 1 500 ქულით გაუსწრო.

“ბოლოს ბურთს ვეღარ ვხედავდი. დამცხა, ბევრ რამეზე ვფიქრობდი, ნადალი კი არ იღლებოდა. მაინც ვცდილობდი გამოცდილების, ამ კორტებზე უდიდესი სათამაშო პრაქტიკის ხარჯზე სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ვერ შევძელი”, – იხსენებს ფედერერი.

ნადალი ტურნირს ტურნირზე იგებს, როჯერის საქმეები კი საშინლად მიდის. ამერიკული “მასტერსის” ორ ტურნირზე შვეიცარიელი ორჯერვე ნახევარფინალში აგებს. ჯერ ისევ და ისევ მარეისთან, მერე კი როჯერს ჯოკოვიჩმაც მოუგო. მაისისთვის მის ანგარიშზე არც ერთი ტიტული არ მოდის, რაც, 2002 წლიდან მოყოლებული, ფედერერისთვის პირადი ანტირეკორდია. ამ დროს ნადალის ანგარიშზე უკვე ოთხი მოგებული ტურნირია.

ფედერერი: “იწყებოდა თიხნარის სეზონი, სადაც რაფაელი ყოველთვის ჩემზე გაცილებით ბევრ სარეიტინგო ქულას აგროვებდა. უბრალოდ, უნდა გამეკეთებინა მაქსიმუმი, რომ ჰანდიკაპი მეტად არ გაზრდილიყო”.

როჯერმა ნადალთან უარყოფითი პირადი ბალანსი ოდნავ გამოასწორა მადრიდში, სადაც რაფაელმა ნახევარფინალში ჯოკოვიჩის წინააღმდეგ კორტზე (სამსეტიან მატჩში) ოთხ საათზე მეტი გაატარა. როჯერმა ამავე ეტაპზე დელ პოტროს კვლავ სეტის წაუგებლად აჯობა, ფინალში კი ნადალს ორივე სეტი 6:4 მოუგო.

იწყება საფრანგეთის ღია პირველობა. უდავო ფავორიტი ნადალია, თუმცა, ფედერერს ზედიზედ რამდენიმე ფინალით ნელ საფარზე თამაშის (და ნადალთან პერმანენტულად წაგების) დიდი გამოცდილება აქვს შეძენილი.

“ბადეს რომ გადავხედე, ნადალს ჩემზე რთული მეტოქეები ჰყავდა, თუმცა, ორკვირიან ტურნირზე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, მეორე კვირის ბოლოს რამდენ ენერგიას შეინარჩუნებ. გამეცინა, როდესაც ჩემს მხარეს ისევ დელ პოტრო დავინახე”, – ესეც როჯერის სიტყვებია.

პირველ წრეში ალბერტო მარტინის სამ სეტში იოლად ჩაჩოჩების მერე ფედერერს მომდევნო მატჩში 12 ბრეიკ პოინტის გადარჩენა მოუხდა ხოსე აკასუსოსთან. პირველი სეტი როჯერმა 7:6 მოიგო, მეორეში კი მეტოქემ ასევე ბოლო გეიმში ფედერერის დაბრეიკებით სეტობრივი თანაფარდობა აღადგინა. მესამე სეტში კვლავ ტაი ბრეიკი დაინიშნა და როჯერი ამჯერადაც დომინირებს. მეოთხე სეტში მეტოქეს ძალა აღარ ეყო და ფედერერიც მომდევნო წრეში გადის.

მერე იყო ოთხსეტიანი მატჩი პოლ ანრი მატიოსთან, თითქმის წაგებული შეხვედრა ტომი ჰაასთან, როდესაც ფედერერმა წააგო პირველი ორი სეტი, შემდეგ კი გერმანელი კორტზე გააკრა. მეოთხედფინალში როჯერი უპრობლემოდ უგებს გაელ მონფილზს და იწყება ნახევარფინალი, სადაც მისი მეტოქე კვლავ დელ პოტროა.

ბადის მეორე მხარეს კი სასწაული მოხდა – პირველად თავის კარიერაში “როლან გაროსზე” აგებს ნადალი, მისი მჯობნი რობინ სოდერლინგი კი აღარავის ინდობს და ფინალში გადის. გზად სკანდინავიელმა ნიკოლაი დავიდენკოსა და ფერნანდო გონსალესს (რომელმაც მანამდე მარეის აჯობა) მოუგო.

დელ პოტრო სამი სეტის მერე უგებდა როჯერს, მაგრამ… არ ვიცი, ალბათ ბოლომდე ვერ დაიჯერა, რომ ერთი სეტიც, და ის თვით როჯერ ფედერერს დააჩოქებდა. არგენტინელმა უმატა უნებლიე შეცდომებს, როჯერიც დამშვიდდა და საბოლოოდ ურთულესი ხუთსეტიანი მატჩი 4 საათსა და 12 წუთში მოიგო.

ფინალი.

ფედერერი VS სოდერლინგი.

მოგვიანებით როჯერი ბოდიშს მოუხდის რობინს და იტყვის, რომ ეს იყო მისთვის ყველაზე იოლი მატჩი მთელ “როლან გაროსზე”. ჯერ ერთი, მეტოქედ არ ჰყოლია ნადალი და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როჯერმა იცოდა, რომ ამ ფინალს აღარ წააგებდა. სოდერლინგის 6:1, 7:6, 6:4 განადგურების მერე ფედერერი გახდა მეექვსე მოთამაშე, რომელმაც დიდი სლემის ყველა ტურნირი, სულ მცირე, ერთხელ მოიგო. ამასთან, სასლემო მონაგრით ის კიდევ ერთ ლეგენდას, ამერიკელ პიტ სამპრასს დაეწია. ერთსაც და მეორესაც დიდი სლემის ტურნირებზე 14-14 მოგებული ფინალი დაუგროვდა.

ფედერერმა გამოტოვა ქვინზის ტურნირი, არ ჩასულა ჰალეში და უიმბლდონს დასვენებული შეხვდა.

“როდესაც ბორის ბეკერმა პირველად მოიგო უიმბლდონი, მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი. მოგვიანებით, ბორისის და სხვა დიდი ჩემპიონების ფინალებს რომ ვუყურებდი, ვრწმუნდებოდი, რომ აქ გამარჯვებას ვერაფერი შეედრებოდა. ახლაც ამ აზრზე ვარ”, – ამბობს როჯერი.

გაგაცნობთ უიმბლდონზე ფედერერის ყველა მატჩის საბოლოო ანგარიშს, მერე კი ფინალზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

I წრე: ფედერერი – იენ ჰსუნ ლიუ

7:5, 6:3, 6:2.

II წრე: ფედერერი – გილერმო გარსია-ლოპესი 6:2, 6:2, 6:4.

III წრე: ფედერერი – ფილიპ კოლშრაიბერი 6:3, 6:2, 6:7, 6:1.

IV წრე: ფედერერი – რობინ სოდერლინგი 6:4, 7:6, 7:6.

¼ ფინალი: ფედერერი – ივო კარლოვიჩი 6:3, 7:5, 7:6.

½ ფინალი: ფედერერი – ტომი ჰაასი 7:6, 7:5, 6:3.

ფინალში როჯერი ენდი როდიკს შეხვდა. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელისგან სასტიკად დაჩაგრული ამერიკელი არასოდეს ყოფილა ისე ახლოს საბოლოო გამარჯვებასთან, როგორც ამ მატჩში. ენდის მთელი ფინალის განმავლობაში, უფრო სწორად, მეხუთე სეტის ბოლომდე ერთხელაც არ წაეგო საკუთარი მოწოდება, როჯერს კი ხშირად ბრეიკ პოინტების გადარჩენა უხდებოდა. ორჯერ როდიკმა მაინც მოახერხა ფედერერის მოწოდების აღება.

ბოლოს, როდესაც როდიკს დაღლა დაეტყო, ფედერერმა პირველივე ბრეიკ პოინტით დაუსვა წერტილი ყველაფერს, მარათონული მატჩის მეხუთე სეტი 16:14 მოიგო (5:7, 7:6, 7:6, 3:6, 16:14) და სამპრასს გაასწრო. მთავარი პრიზი როჯერს პიტმა გადასცა.

სეზონის ბოლოს როჯერს აღარაფერი მოუგია. ამერიკის ღია პირველობაზე შვეიცარიელი ფინალში იოლად გადის, სადაც პირველ სეტში მიწასთან ასწორებს დელ პოტროს, მაგრამ მატჩს მაინც არგენტინელი იგებს და პირველად ხდება დიდი სლემის ტურნირის ტრიუმფატორი. კურიოზული იყო მისი და ჟო-ვილფრედ ცონგას მეოთხედფინალი “როჯერსის თასზე”. ფედერერი მესამე, გადამწყვეტ სეტში 5:1 გავიდა წინ და საბოლოოდ 5:7 დამარცხდა. მატჩ პოინტზე როჯერმა ორი მეტრიდან სმეშის შესრულებისას ბურთი მაყურებლებში გაგზავნა.

მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატზე შვეიცარიელი უგებს მარეის, ვერდასკოს, მერე კი მან და დელ პოტრომ ყველაფერი ისე მშვენივრად გამოთვალეს, რომ, როჯერის სამ სეტში დამარცხებით, ნახევარფინალში არგენტინელი გავიდა, მარეი კი სტატისტად იქცა. ნახევარფინალში ფედერერმა პირველად დათმო მატჩი დავიდენკოსთან, ვისთვისაც მანამდე ზედიზედ 12-ჯერ ჰქონდა მოგებული.

როჯერზე მეტი მატჩი ამ სეზონში მოიგეს მარეიმ, ჯოკოვიჩმა, ნადალმა, მაგრამ ისტორიაში მაინც უკვე ლეგენდად ქცეული შვეიცარიელი შევიდა.

ფედერერი მოვლენაა, ნადალი კი – უბრალოდ, ძალიან ძლიერი მოთამაშე. მათ ფონზე სხვები ყოველთვის “სხვებად” დარჩებიან.

ფედერერმა შექმნა ისტორია და თუ დამდეგ სეზონში მხოლოდ მისთვის მისაწვდომ დონეზე თამაშის სურვილსა და მოტივაციას შეინარჩუნებს, კიდევ არაერთ დიდ, ფენომენალურ გამარჯვებას მოიპოვებს.

იმიტომ, რომ ფედერერია.

და იმიტომაც, რომ არა მარტო 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი, არამედ ყველა დროის უდიდესი მამაკაცი ჩოგბურთელია.

ავტორი: ზურა თალაკვაძე

ინფორმაციის წყარო:  24საათი